უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხი ისევ გააქტიურდა
2018-12-07 14:33:27

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უცხოელებისთვის მიყიდვის საკითხი ისევ გააქტიურდა.

საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ისევ შეუძლიათ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 7 დეკემბერს გააუქმა.

გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოცხადდა, რადგან სასამართლომ ამ საკითხზე ამ დრომდე ორჯერ, 2012 და 2014 წლებში უკვე იმსჯელა. ორივე შემთხვევაში ის სამართლებრივი ნორმა გააუქმა, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საკუთრების უფლებას უზღუდავდა.

უცხოეთის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების მორატორიუმი ძალადაკარგულად გამოცხადდა, თუმცა შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდება ახალი კონსტიტუცია, რომელიც კვლავ აწესებს მორატორიუმით გათვალისწინებულ შეზღუდვებს. უცხოეთის მოქალაქეებს მიწების დასარეგისტრირებლად ცხრა დღიანი ვადა აქვთ.

საქართველოში უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის კანონპროექტი 30 მაისს საპარლამენტო უმრავლესობის, ქართული ოცნების წევრებმა შეიტანეს, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიყიდვა აიკრძალა.