სასამართლო პროცესი რუსთავში გაიმართა
2018-12-07 11:55:55

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული თ.ვ. დამნაშავედ ცნო. 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 5 მაისს, ღამის საათებში, მარნეულის რაიონის სოფელ სეიდგოჯალოში თ.ვ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა ნ.ვ., გვამი ხრამში გადააგდო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა თ.ვ. 2018 წლის 5 აგვისტოს, მარნეულის რაიონის სოფელ სეიდგოჯალოში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა (განზრახ მკვლელობა) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ თ.ვ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში  და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.