მშვიდობის ქუჩის დაუსრულებელი რეაბილიტაცია

2018-12-02 12:36:23

მშვიდობის ქუჩაზე გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოები მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი არაერთხელ გამხდარა. მიუხედავად ამისა რამდენიმე თვის წინ დაწყებული ერთერთი ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ამ დრომდე არ დასრულებულა.

რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში იმ პრობლემებზე საუბრობენ, რამაც პროექტის გაჭიანურება გამოიწვია.

"სამუშაოების გაჭიანურება, კომპნიის არასწორმა მიდგომამ გამოიწვია, არ გათვალეს როგორ უნდა ემუშავათ, აქედან გამომდინარე ვერ მოახერხეს, რომ პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დაესრულებინათ"- განაცხადა ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზურა ტაბაღუამ.

მერიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ჰერიო" ჯარიმებზეა და შესაძლოა უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტმა კომპანიასთან ხელშეკრულებაც შეწყვიტოს, რის შემდეგაც აღნიშნული სამუშაოების დასასრულებლად თვითმმართველობას ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება 2018 წლის მაისში დაიწყო. პროექტის მიხედვით სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრში უნდა დასრულებულიყო.

მოსახლეობა მშვიდობის ქუჩის საავტომობილო გზის მოწესრიგებას რამდენიმე წლის განმავლობაში ითხოვდა. ქუჩის რეაბილიტაცია რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

პროექტი, რომლისთვისაც საერთო ჯამში 2 000 000 ლარზე მეტი გამოიყო დაახლოებით გზის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის კაპიტალურ-რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. პროექტის მიხედვით მშვიდობის ქუჩაზე შიდა კომუნიკაციების შეიცვლა იგეგმებოდა რის შემდეგაც ტერიტორიაზე  ასფალტი ორ ფენად დაიგებოდა. ასევე პროექტის მიხედვით, იგეგმებოდა ფეხით სავალი ბილიკის მოწყობა ყველა იმ მონაკვეთზე სადაც ქვეითად მოსიარულეები გადაადგილდებიან.

რუსთავის მერიაში ამბობენ რომ კომპანია "ჰერიომ" სამუშაოების მხოლოდ 50%-ის შესრულება მოახერხა.