ადგილები სადაც მოწევა დასაშვები იქნება

2018-12-05 17:32:46

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება, რომლის მიხედვითაც თამბაქოს მოხმარება დასაშვები ხდება მთელ რიგ დაწესებულებებში სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე, მათ შორის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიებზე.

ცვლილებების შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში იმსჯელეს.

კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, ინიციატივა აუცილებლად მხარდაჭერას იმსახურებს და კომიტეტი მას მხარს უჭერს.

როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, კანონის მოქმედების პერიოდში გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა და აუცილებელი გახდა ცვლილებების შემუშავება კანონის აღსრულების გამარტივების მიზნით, ზოგიერთი მატერიალური ნორმის დაზუსტება და კანონის შემდგომი, ეფექტიანი დანერგვისათვის სამართლებრივი მექანიზმის დახვეწა.

"ღია ტერიტორიებზე, სამედიცინო დაწესებულებების და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების შესაბამისად მოწყობილ ადგილებზე, ვუშვებთ მოწევას, იმიტომ, რომ ეს იწვევდა ძალიან დიდ სოციალურ დაძაბულობას, როდესაც ეზოში იკრძალებოდა მოწევა", - განაცხადა აკაკი ზოიძემ

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი მირიან წიკლაური კი განმარტავს, რომ სივრცე, სადაც მოწევა იქნება დასაშვები, თავად უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციამ უნდა განსაზღვროს.

"მოწევა დასაშვები იქნება არაუმეტეს სამი ადგილისა, რასაც თვითონ უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაცია გადაწყვეტს – შენობაში, ან მის გარეთ ეზოში. როგორც ვიცი, მოსაწევი ადგილი 20 კვადრატულ მეტრ ფართობს არ უნდა აღემატებოდეს და თუ ეს ადგილი შენობაში განთავსდება, ღია სივრცეში უნდა იყოს, აუცილებლად, მაგალითად, – აივანზე.  მოწევა დასაშვები იქნება შენობის ან ეზოს იმ ნაწილში, რომელსაც ადმინისტრაცია გამოყოფს", – აღნიშნავს დეპუტატი.

კომიტეტმა კანონპროექტებს წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით, მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.