პოლიციელებს რუსთავში ბინებს უშენებენ [photo]

2018-12-04 00:04:59

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიციელებისთვის რამდენიმე ქალაქში ბინათმშენებლობის პროექტი ჯერ კიდევ ივნისში დააანონსა. ერთერთი ქალაქი სადაც სამართალდამცველებისთვის სახლები უნდა აშენდეს რუსთავია.

"ინფო რუსთავი" შეეცადა პროექტის დეტალები გაერკვია.

საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროცესი რუსთავში, #20-ე მიკრორაიონში მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები 2 წელში უნდა დასრულდეს. შესაბამისად პოლიციელები ახალ აშენებულ კორპუსში, საცხოვრებელ ფართებს 2020 წლის მიწურულს მიიღებენ.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში ორი 11 სართულიანი კორპუსი შენდება. ახალი საცხოვრებელი სახლის გასაღები 80 პოლიციელს გადაეცემა. ყველა ბინა ფართითა და კეთილმოწყობით იდენტური იქნება. თითო ბინის ფართი კი დაახლოებით, 77 კვ.მ გამოდის.

პროექტის მიხედვით, კორპუსებს დასასვენებლი ადგილი და  საერთო ავტოსადგომიც ექნება.

სამუშაეობს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია სს "ტრანსმშენი" აწარმოებს.