საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა მამუკა ბახტაძემ და დავით ბაქრაძემ

2018-11-28 09:19:51

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დიდუბის ოლქის #44-ე საარჩევნო უბანზე, სადაც მან საკუთარი არჩევანი დააფიქსირა განაცხადა, რომ არჩევანი საქართველოს მშვიდობიანი განვითარების სასარგებლოდ გააკეთა.

პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ყველამ უნდა დააფიქსიროს პოზიცია, რომელიც უკეთესია საქართველოს განვითარებისთვის.

"დღეს მე გავაკეთე არჩევანი საქართველოს მშვიდობიანი განვითარების სასარგებლოდ, ჩვენი ევროპული არჩევანის სასარგებლოდ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მოქალაქეებს მივმართო იაქტიურონ, მოვიდნენ უბნებზე, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, პოზიცია, რომელიც უკეთესია საქართველოს განვითარებისთვის და ჩვენი უკეთესი მომავლისთვის, ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის", - განაცხადა ბახტაძემ.

საკუთარი არჩევანი ასევე დააფიქსირა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბარქაძემ

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მან მხარი დავუჭირა ქვეყნის წინსვლას და საზოგადოების უკეთეს მომავალს.

„ხმა მივეცი, პირველ რიგში, ცვლილებებს იმიტომ, რომ არჩევნების პირველ ტურში ჩვენმა საზოგადოებამ ნათლად აჩვენა, რომ ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, ხალხს სჭირდება ცვლილებები. საზოგადოებას აღარ უნდა დღევანდელი ცხოვრება, როდესაც გარშემო არის უამრავი პრობლემა და არ არსებობს ამ პრობლემის მომგვარებელი. ამიტომ პირველი ტურის მთავარი შედეგი და დასკვნა გახლავთ ის, რომ საზოგადოება და ქვეყანა არჩევნებიდან ელოდება ცვლილებებს, ელოდება წინსვლას, ელოდება უკეთესობას. ამიტომ ჩვენი ამოცანაა არჩევნების მეორე ტურში ბოლომდე მივიყვანოთ საზოგადოების ეს განწყობა და სწორედ აქედან გამომდინარეობდა ჩემი არჩევანიც, მხარი დავუჭირე ცვლილებებს, მხარი დავუჭირე ქვეყნის წინსვლას, ჩვენი ხალხის და ჩვენი საზოგადოების უკეთეს მომავალს", - განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა: „გაყალბების საუკეთესო წამალი გახლავთ ხალხის მოსვლა არჩევნებზე და მათი პოზიციის დაფიქსირება“.

"იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი მოვა, ბევრი ადამიანი გააკეთებს არჩევანს თუ როგორი უნდა იყოს მათი, ჩვენი, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე", - განაცხადა ბაქრაძემ.