"მოგვიწევს 2000 ადამიანი გავუშვათ სახლში" [video]

2018-11-13 11:34:18

“რუსთავის ფოლადის“ გენერალური დირექტორი მთავრობას თავისუფალი ბაზრის წესების კონტროლისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქარხნის გაჩერებასა და 2000 მუშახელის დათხოვნას არ გამორიცხავს.

ნუგზარ კაჩუხაშვილმა დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის სხდომაზე დამსწრე საზოგადოებასთან მეტალურგიისა და სამშენებლო მასალების წარმოების დარგში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. [ვიდეო/video]

“ჩვენ ვართ კონკურენტუნარიანი საწარმო. ცალსახად დგას საკითხი, რომ არის დემპინგი და თავისუფალი ბაზრის  ვაჭრობის წესების დარღვევა. თუ ეს პრობლემა არ იქნა მოგვარებული რუსთავის მეტალურგიული ქარხანა დაჯდება იმპორტზე, შემოვიტანთ ირანულ არმატურას და გაცილებით დიდ თანხას ავიღებთ იმ პროცესების გარეშე რაც დღეს მეტალურგიულ ქარხანაში მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში მოგვიწევს 2000 ადამიანი გავუშვათ სახლში. სამწუხაროდ მეორედ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაქოქვას ძალიან დიდი რესურსები დასჭირდება, რაც შეუძლებელია, - განაცხადა სხდომაზე ნუგზარ კაჩუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის სხდომაზე დამსწრე საზოგადოებამ მეტალურგიისა და სამშენებლო მასალების წარმოების დარგში მოქმედ საწარმოებში არსებულ პრობლემებზე, იმპორტთან დაკავშირებულ საკითხებზე და ხარისხის კონტროლზე, შესაბამისი კანონმდებლობის, მათ შორის ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღების საჭიროებაზე ისაუბრეს.