ზაზა სარალიძე რუსთავის სასამართლოში

2018-11-06 17:56:19

რუსთავის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა ზაზა სარალიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის თარიღად 2018 წლის 14 დეკემბერი განსაზღვრა.

სხდომას ზაზა სარალიძე საკუთარ ადვოკატთან ერთად ესწრებოდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს აღკვეთის ღონისძიება არ მოუთხოვია.
ადვოკატის თქმით, ზაზა სარალიძე არის მსხვერპლი. საბრალდებო დასკვნა შეიცავს არასწორ ფორმულირებას, დასკვნაში წერია, რომ დაზიანება მიყენებულია ბლაგვი საგნით, თუმცა კადრებში მსგავსი შემთხვევა არ ფიქსირდება.

"არ მაქვს ინფორმაცია რატომ არის გადმოტანილი სასამართლო პროცესი რუსთავში. არ ვეთანხმები ბრალს, რომელიც წამიყენეს, იმიტომ რომ არასწორი ფორმულირებაა."- განაცხადა ზაზა სარალიძემ

"ყველა ქმედებას უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება. მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ზაზა სარალიძე სავარაუდოდ თავს დაესხა პოლიციელს. კადრებში კარგად ჩანს, რომ ბრალდებული ლითონის მილს იყენებს   და შემდგომ  ხელებით აგრძელებს  პოლიციელების მიმართულებით თავდასხმას."
- განაცხადა პროკურორმა ლევან ჯალაღონიამ

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე 26 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს, მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმა ედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სარალიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.