გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე

2018-10-30 18:17:38

"გიორგი ჭანტურიას გარდა, სამსონ ქუთათელაძეს არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია"- აღნიშნული განცხადება
გენერალ სამსონ ქუთათელაძის შვილმა ბესიკ ქუთათელაძემ რუსთავის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მან ჩვენება მისცა.

"პირველი, ვინც ადგილზე მომისამძიმრა და მამაჩემის ღვაწლზე დაიწყო საუბარი, გიორგი ჭანტურია იყო. ვერავინ მეკარებოდა, ჩემი მეგობრებიც კი. მაშინვე გავიფიქრე, გიორგი ხომ არ იყო მკვლელი.", – განაცხადა სამსონ ქუთათელაძის შვილმა. მისივე განმარტებით, საქმეზე ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას გარდა, სამსონ ქუთათელაძეს არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია.

ბესიკ ქუთათელაძის თქმით, მან ნახა ვიდეოკამერების ჩანაწერები და განაცხადა, რომ დილით გიორგი ჭანტურიას სხვა ტანისამოსი ეცვა, მამამისის გარდაცვალების შემდეგ კი – სხვა.

ამასთან, როგორც ბესიკ ქუთათელაძემ განმარტა, ერთ დღეს დახლებთან არ იყო მოწესრიგებული სანიაღვრე სისტემა და სამსონ ქუთათელაძემ გიორგი ჭანტურიას დახლების მოწესრიგება დაავალა, რამაც ჭანტურიას გაღიზიანება გამოიწვია.

ბესიკ ქუთათელაძე ასევე იხსენებს, როგორ მოუყვა მამამისმა, რომ მასთან გიორგი ჭანტურია მივიდა და ეუბნებოდა, ლუკმას მართმევო. ბესიკ ქუთათელაძის ინფორმაციით, სამსონ ქუთათელაძე ჭანტურიას კუთვნილი ფართის ყიდვას 300 ათას ლარად აპირებდა, რისთვისაც ბანკში საბუთები მზად იყო. მისი თქმით, მამამისი იხდიდა გაცილებით მეტს, რომ ჭანტურია ბაზარში აღარ ენახა.

გიორგი ჭანტურია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას სამი ავტომატი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღეს. დაკავებული გიორგი ჭანტურია ბრალს არ აღიარებს.