რას აცხადებენ ბავშვები და მშობლები [video]

2018-10-27 00:01:24

რუსთაველების ნაწილი პანიკამ მოიცვა. მშობლები ბავშვების, განსაკუთრებით კი გოგონების, ქუჩაში გაშვებას ერიდებიან. ქალაქში ბავშვების თვალთავლის და ადევნების ფაქტები გახშირდა. [video/ვიდეო]

"ინფო რუსთავს" რამდენიმე დღეა მშობლები უკავშირდებიან და კონკრეტული ფაქტების შესახებ ინფორმაციას აწვდიან. რუსთაველების ნაწილი ამბობს, რომ უცნობი მამაკაცი ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე, ავტომობილით გადაადგილდება და ცდილობს მცირეწლოვან გოგონებს გაესაუბროს.

ბოლო შემთხვევა გუშინ დღის პირველ ნახევარში, მეგობრობის გამზირზე მოხდა. 9 და 7 წლის გოგონები, სკოლიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როდესაც ისინი მათთვის უცნობმა მამაკაცმა გააჩერა და ავტომობილით სახლში წაყვანა შესთავაზა, გოგონებმა მამაკაცს უარი განუცხადეს, რის შემდეგაც უკვე უცნობმა პირმა არასრულწლოვან გოგოებს მანქანაში გაყოლის სანაცვლოდ ტკბილეული შესთავაზა. უარის მიღების შემდეგ კი მოზარდებს მამაკაცმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ტერიტორია დატოვა. აღნიშნულის შესახებ ინფო რუსთავს 7 წლის ბავშვის დედამ უამბო.

მშობლების ინფორმაციით, უცნობი მამაკაცები შემჩვეულები არიან  სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა ასევე ხშირია ფაქტები სადაც სკოლისგან მოშორებით ხდებოდა ადევნება. მოზარდები აცხადებენ რომ მათთან მანქანით უცნობი მამაკაცი მიდის, ტკბილეულს და გასეირნებას სთავაზობს, შემდეგ კი სექსუალური შინაარსის საუბარს იწყებს.

მშობლები შესაბამის უწყებებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ რომ ბავშვთა უსაფრთხოება მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყველანაირი საფრთხე.

მშობლების და ბავშვების ნაწილი "ინფო რუსთავთან" ინკოგნიტოდ დარჩენას არჩევდნენ, თუმცა ჩვენმა ჟურნალისტმა მაინც დაითანხმა ინტერვიუზე ერთი ბავშვი და ერთი მშობელი. რუსთავში მცირეწლოვან ბავშვებზე, სავარაუდო თვალთვალის და ადევნების ფაქტებზე ინფორმაცია ინფო რუსთავმა 23 ოქტომბერს გაავრცელა.