კაცმა ცოლს საჭმლის არმომზადების გამო სცემა

2018-10-20 11:25:48

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ 52-წლის მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მამაკაცს, ოჯახური ძალადობის მუხლით, ბრალი პროკურატურამ წაუყენა.

პროკურორის განცხადებით, მამაკაცმა მეუღლეს ჯოხი სამჯერ გადაარტყა - თავში და ბეჭებში. ,,გორმედის" სამედიცინო დასკვნით, ქალს ტვინის შერყევა დაუდგინდა.

„იმ დროს, როდესაც ბრალდებული სამწყემსოდან სახლში დაღლილი დაბრუნდა, მეუღლემ უკმეხად უთხრა რომ მისთვის საჭმელი არ ქონდა გაკეთებული, რაზეც მამაკაცი გაღიზიანდა და მეუღლესთან შეკამათდა" - აცხადებს ადვოკატი გივი ტურაშვილი.

პროკურორის ბრალდებით, მამაკაცი სიტყვიერად დაემუქრა მეუღლეს და შემდეგ თავზე და ტანზე სამჯერ დაარტყა მის ხელთ არსებული ხის ჯოხი.

დაკავებულის მეუღლე, დაზარალებულად ცნობილი ქალბატონი აცხადებს, რომ მან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და, მხოლოდ, ამის გამო გამოიძახა პოლიცია.

„ როდესაც მეუღლემ ჯოხი დამარტყა, ისედაც შეუძლოდ ვიყავი და დავრეკე 112-ში, სასწრაფოს პოლიცია მოყვა და წამიყვანეს გორმედში სადაც ტვინის შერყევა დამიდგინდა. მართალია ტანჯვას არ განვიცდიდი, მაგრამ შეურაცხყოფილი ვიყავი მეუღლის ქმედებებით. “-ამბობს დაზარალებული.

ადვოკატის თქმით, არ იყო აუცილებელი პატიმრობის შეფარდება, თუმცა პროკურორის შუამდგომლობა, ქმედების განმეორების ალბათობის შესახებ, მოსამართლემ პატიმრობა გაითვალისწინა.

დაკავებულს პროკურატურამ ბრალი  151-ე და 126-ე მუხლების მიხედვით წარუდგინა: მუხლი 151- მუქარა 1. სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

მუხლი 126 (ოჯახში ძალადობა) - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია. ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით, ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.