ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი

2018-10-19 18:59:21

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ბრალდებული თ.ს. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 20 მაისს, თ.ს. სტუმრად იმყოფებოდა ქ.თბილისში, ს.მ.-სთან. ნასვამ მდგომარეობაში მყოფ თ.ს.-ს  ურთიერთშელაპარაკება მოუხდა ს.მ.-სთან, რა დროსაც სხეულის განზრახ დაზიანების მიზნით, მას  აცეტონი შეასხა და  ცეცხლი მოუკიდა.  თ.ს. ქმედებით დაზარალებულმა  სახისა და სხეულის არეში წარუხოცელი დაზიანება მიიღო.  
სამართალდამცველებმა თ.ს. 2018 წლის 26 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. თ.ს.-ს   ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ს. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.