ინიციატივა სკოლის დირექტორს ეკუთვნის

2018-10-18 13:46:11

რუსთავის #2 საჯარო სკოლას სავარაუდოდ შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსთავის საკრებულომ უნდა მიიღოს.

მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი ლალი ერქომაიშვილი სკოლისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭებას სოციალურ ქსელშიც ითხოვდა. ტექტს უცვლელად გთავაზობთ:

"ძვირფასო მეორესკოლელებო, კურსდამთავრებულებო, მშობლებო, თანამოქალაქეებო...

წელს ჩვენი სკოლა იუბილარია, მას 70 წელი უსრულდება. სკოლის დირექტორის, ლალი ერქომაიშვილის, ინიციატივაა - მე-2 სკოლას კვლავ დაუბრუნდეს დიდი შოთა რუსთაველის სახელი და სკოლის წინ დაიდგას ყველა დროის ყველაზე სახელოვან შემოქმედის ძეგლი.

სკოლის მოსწავლეები და პედაგოგთა გუნდი მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივას, მაგრამ თქვენი თანადგომაცაა საჭირო.
გვჯერა, ბევრი ადამიანი გამოეხმაურება და საკუთარ წვლილს შეიტანს ამ საშვილიშვილო საქმეში. მხოლოდ ეს გვაბედვინებს, გაცნობოთ საბანკო ანგარიში (საბანკო ანგარიშის თაობაზე გთხოვთ, მოგვმართოთ პირადში). თქვენ მიერ გაღებული მინიმალური თანხითაც გაკეთდება ის, რაც ამაყად გვათქმევინებს - გვიყვარს ჩვენი ქალაქი, მეორე სკოლა და გვეამაყება, რომ მას ამშვენებს სულმნათი შოთას ძეგლი.

წინასწარ გიხდით მადლობას"- ტექსტი მე-2 საჯარო სკოლის ფეისბუქის გვერდზე 4 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

სკოლისთვის სახელის მინიჭების საკითხი, სოციალურ საკითხთა კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, შემდგომი განხილვისთვის საკრებულოს ბიუროს გადაეცა.