გასხვისდა თუ არა რკინიგზის სადგურის შენობა რუსთავში

2018-10-15 00:07:57

"ინფო რუსთავი"-ს მიერ გავრცელებულ მასალას, რომელიც რუსთავის რკინიგზის შენობაში რესტორნის გახსნას შეეხებოდა დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ობიექტის დემონტაჟზე საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაცია ადგილობრივმა მოსახლეობამ მიაწოდა, ადგილზე გასულ გადამღებ ჯგუფს შენობაში რამდენიმე პირი დახვდა, რომლებიც სამშენებლო მასალებს აწყობდნენ, როგორც მათ ჟურნალისტს განუცხადეს ობიექტს დემონტაჟი უტარდებოდა, შენობა გაიყიდა და მალე იქ რესტორანი აშენდებოდა. ჩვენ ინფორმაციის გადამოწმება საქართველოს რკინიგზაში ვცადეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ წერილობით უნდა მიგვემართა და პასუხს მომდევნო კვირაში გაგვცემდნენ. "ინფო რუსთავმა" წერილი საქართველოს რკინიგზას გადაუგზავნა, თუმცა ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მასალა სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მასალის გავრცელებიდან რამდენიმე საათში კი ინფო რუსთავს, არასამუშაო დღეს, საქართველოს რკინიგზიდან მას შემდეგ დაუკავშირდნენ და კომენტარის გაკეთება ისურვეს, როდესაც რკინიგზის გასხვისებას რუსთაველებისგან ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.

"ჩამოიშალა ჭერი, ამით ისარგებლა ადგილობრივმა მოსახლეობამ და მოიპარეს სამშენებლო მასალები, დაკავებულია რამდენიმე პირი. შენობა გასხვისებული არ არის და ეკუთვნის საქართველოს რკინიგზის შვილობილ კომპანიას შ.პ.ს "ჯიარ ქონების მართვას" ვაპირებთ შენობის რეაბილიტაციას და შესაძლოა მოეწყოს მგზავრთა მოსაცდელიც, ზუსტი თარიღი როდის მოხდება რეაბილიტაცია ჯერ არ ვიცით", - აცხადებს "ჯიარ ქონების მართვი"-ს დირექტორი კობა ლაცაბიძე.

"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ - "ძველი, უმოქმედი რკინიგზის სადგურიდან ქურდობის ფაქტზე ერთი პირი არის მხილებული, გამოძიება სსკ 19-177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ნიშნავს ქურდობის მცდელობას. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არ არის".