"ღვინობისთვე 2018"

2018-10-12 19:57:41

მარნეულის მუნიციპალიტეტში,  როგორც ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის არქეოლოგიურ ცენტრში, ქართული ღვინის დღეების ფარგლებში ღვინის ფესტივალი - "ღვინობისთვე 2018" გაიმართა.

ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. სპეციალურად ამ დღისთვის სხვადასხვა ლოკაცია გაფორმდა  შესაბამისი დეკორაციებითა და საშემოდგომო რეკვიზიტებით.  ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ქართული ღვინის მწარმოებელი მსხვილი და საშუალო კომპანიების, მცირე და ოჯახური მარნების  პროდუქციის გამოფენა, სადაც ასევე წარმოდგენილი იყო  სოფლის ნობათიც. სტუმრებს დაგემოვნება/დეგუსტაციის პარალელურად პროდუქციის ადგილზე ყიდვის საშუალებაც ჰქონდათ.

საზეიმო ვითარებაში ტრადიცულად საწნახელში დაიწურა ღვინო. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ქვემო ქართლის მხარისა და მუნიციპალიტეტის  პირველმა პირებმა გახსნეს.

ღვინის ფესტივალი - "ღვინობისთვე 2018" ადგილობრივი თვითმმართველობის  ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ მარნეულში იმირის გადაჭრილ გორაზე 2015 წლიდან  დღემდე მიმდინარეობს   მნიშვნელოვანი არქეოლოგიური სამუშაოები, არქეოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩენილია ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული უძველესი ღვინის ჭურჭელი. კომპლექსური კვლევის შედეგად დგინდება, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის მტვრის ნაწილაკები, რაც ამ ჭურჭელში ღვინის არსებობას ადასტურებს.

არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად აღმოჩენილია საცხოვრებელი ნაგებობები, სხვადასხვა შრომის იარაღები, ჭურჭელი, სამეურნეო ორმოები და სხვა. სამუშაოებში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი ისე კანადელი არქეოლოგები.