ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რუსთავში რელიგიური ორგანიზაციის წევრობის მიზეზით სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების ფაქტები გახშირდა.
რუსთაველმა ახალგაზრდებმა, რომლებმაც რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლების" წევრობის დამადასტურებელი მოწმობა წარმოადგინეს, სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან გათავისუფლდნენ.
ინფო რუსთავი დაინტერესდა, რამდენმა წვევამდელმა აარიდა თავი ჯარში სამსახურს რელიგიურ ნიადაგზე.
კომენტარისთვის რუსთავის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს დავუკავშირდით სადაც, განაცხადეს,რომ საშემოდგომო გაწვევის დღიდან, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და ჯერ კიდევ გრძელდება, რელიგიურ ნიადაგზე ჯარში სამსახურს თავი აარიდა 84-მა რუსთაველმა ახალგაზრდამ, იგივე წვევამდელმა. სამსახურის უფროსმა მიხეილ თათარაძემ განაცხადა, რომ სწორედ ამ გზით შეძლეს მათ, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება.
მისივე ინფორმაციით, 2018 წლის საშემოდგომო გაწვევის ფარგლებში, აგვისტოდან დღემდე რუსთავიდან 161 ახალგაზრდა გაიწვიეს.
შეგახსენებთ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება გირჩის ერთ-ერთი მთავარ პოლიტიკურ მიზანს წარმოადგენს, თუმცა, სანამ ეს მოხდება, პარტიის წევრებმა იმ ახალგაზრდების დასახმარებლად, ვისაც ჯარში წასვლა არ უნდათ, გამოსავალი იპოვეს - მათ დააფუძნეს რელიგიური ორგანიზაცია. აღნიშნული რელიგიური ორგანიზაცია სასულიერო პირებს აკურთხებს და შესაბამის ცნობასაც გასცემს. სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდები კი შესაბამისი უწყებებისგან სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას ითხოვენ და მიზანსაც აღწევენ, რადგან კანონში არსებული ჩანაწერი მათ ამის საშუალებას აძლევს.
სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე "ლ" ქვეპუნქტის მიხედვით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში.