გიორგი ჭანტურია ბრალს არ აღიარებს

2018-10-10 16:16:40

რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურიას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

საქმეს მოსამართლე მადონა მაისურაძე უძღვება. სხდომის დაწყებისთანავე დაცვის მხარემ განაცხადა, რომ სასამართლო არაუფლებამოსილია. ადვოკატებმა განმარტეს,  რომ „დააყენეს შუამდგომლობა არაუფლებამოსილი სასამართლოს აცილების თაობაზე“.

დაცვის მხარე აცხადებდა, რომ მოსამართლემ შეზღუდა გიორგი ჭანტურიას უფლება, გაეკეთებინა არჩევანი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსა და ერთპიროვნულ მოსამართლეს შორის, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

წინასასამართლი სხდომაზე, რომელსაც ეკატერინე პართენიშვილი უძღვებოდა, ბრალდებული სხდომის გადადებასა და დასაფიქრებელ დროს ითხოვდა, მოსამართლემ კი რამდენიმე წუთიანი შესვენება ორჯერ გამოაცხადა და ბრალდებულს მოსაფიქრებელი დრო მისცა.  ჭანტურია და მოსამართლე სხდომის გადადების შესახებ დარბაზში რამდენიმე წუთის განმავლობაში კამათობდნენ. ბრალდებული აცხადებდა, რომ პასუხი არ ჰქონდა. საბოლოოდ, გიორგი ჭანტურიამ მოსამართლეს არ უპასუხა, უნდოდა თუ არა ნაფიც მსაჯულებს განეხილა მისი საქმე. მოსამართლემ იმ მოტივით, რომ ბრალდებულმა პასუხი არ გასცა, საქმე არსებითად განსახილველად ერთპიროვნულ მოსამართლეს გადასცა.

გიორგი ჭანტურია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას სამი ავტომატი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღეს. დაკავებული გიორგი ჭანტურია ბრალს არ აღიარებს.