პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია

2018-10-10 13:31:49

პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის 2019 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება.

აქციის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით განცხადება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ გააკეთა.

აქციის ფარგლებში საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან: საქართველოს ის მოქალაქეები, მათ შორის, არასრულწლოვნები, რომელთაც 1-ელ იანვრამდე უსრულდებათ 18 წელი, ვის სახელზეც 2018 წლის 1-ელ მარტამდე გაცემული არ იყო საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი; მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა) ან საერთოდ არ ინახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში; რეგისტრაციიდან მოხსნილი, გაუქმებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე მოქალაქეები, თუ ისინი დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე; მისამართის გარეშე რეგისტრირებული, გაუქმებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე მოქალაქეები, თუ ისინი დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე; მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ იურიდიული ძალის მქონე არცერთი დოკუმენტი; ის პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს, ამასთან, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა. აღნიშნული პირები აქციით ისარგებლებენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დარეგისტრირდებიან საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ კონკრეტულ მისამართზე.

„აქციის მიზანია, საარჩევნო ბაზების დახვეწასთან ერთად, მოქალაქეების თანამედროვე და სანდო ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფა. ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიების მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, აღნიშნული დოკუმენტი 1-ელ იანვრამდე სრულიად უსასყიდლოდ მიიღონ.

2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძვნება. შესაბამისად, ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“ და გამორიცხავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე. წ. კარუსელს.

რაც შეეხება მიმდინარე აქციით სარგებლობის მსურველ მოქალაქეებს, მათ უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.

აქციის ფარგლებში დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან პირადობის მოწმობის, ასევე ფოტოსურათის გადაღების საფასურის გადახდისგან. აქციით სარგებლობა პირს მხოლოდ ერთხელ შეუძლია,“-აღნიშნულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული.