ხმაური რუსთავში

2018-10-09 13:45:08

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთავის თეატრში ადგილობრივებთან შეხვედრა გამართა, პარალელურ რეჟიმში რუსთავის თეატრის შენობასთან მოსახლეობის გარკვეული ნაწილი საპროტესტო აქციას მართავდა.

სამართალდამცველებმა შესასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და შენობაში ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები არ შეუშვეს, რასაც შეხვედრის ორგანიზატორებსა და ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობდნენ, მათ რამდენიმე კითხვა ჰქონდათ პრეზიდენტობის კანდიდატთან და კითხვის დასმის საშუალებას არ მიეცათ.

სალომე ზურაბიშვილს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში გიორგი ბეგაძე, პაატა მხეიძე პარლამენტის წევრი არჩილ თალაკვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი სოზარ სუბარი დახვდნენ.

რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტში გიორგი ბეგაძემ და პაატა მხეიძემ ადგილობრივებს საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

შეხვედრას როგორც რიგითი რუსთაველები ასევე რუსთავის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებიან, დამსწრე საზოგადოებას შორის იყვნენ ასევე განათლების ხელოვნების და მედიცინის სფეროს წარმომადგენლებიც.

რუსთავის თეატრთან მობილიზებული იყო სამართალდამცველების რამდენიმე ჯგუფი.