სად იცხოვრებს პრეზიდენტი

2018-10-07 18:34:52

მე ვიქნები ტოლერანტობის, მრავალფეროვნების პრეზიდენტი, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ზურაბიშვილმა ახმეტის მოსახლეობასთან იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რატომაც უნდა პოლიტიკაში მოსვლა.

„მე მოვდივარ თქვენთან იმედისთვის, ეს არის მამოძრავებელი ძალა ადამიანისთვის თუ ქვეყნისთვის და ჩვენ გვაქვს ბევრი საფუძველი, რომ ვიყოთ იმედიანად და ამ ქვეყანას აქვს უფლება იყოს იმედიანად.

დღევანდელ დღეს არსებული იმედი არის ჩვენი საერთო ტოლერანტობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ტოლერანტობა, ერთმანეთის პატივისცემა არის ბევრად მნიშვნელოვანი იქ, სადაც სხვადასხვა წარმოშობის ადამიანი ცხოვრობს. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, დღეს, როდესაც ჩემი ტურნედან მესამეჯერ მოვისმინე ენა, რომელიც არ მესმის, ეს არის საქართველოს სიმდიდრე. ჩვენ გვესმის ერთმანეთის, მიუხედავად იმისა, ზოგჯერ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ. საქართველომ შეინარჩუნა თავის ტერიტორიაზე ეს ენები. არამხოლოდ ის ენები, რომელზედაც სხვა სახელმწიფოშიც საუბრობენ, არამედ ენები, რომელიც მხოლოდ აქ არსებობს. ეს უზარმაზარი სიმდიდრეა და ზოგ ჩვენს მტერს ჰგონია, რომ ეს მრავალფეროვნება, მრავალეროვნობა არის ჩვენი სისუსტე, ამ დროს ეს ჩვენი ძალაა.

მე ვიქნები ტოლერანტობის, მრავალფეროვნების პრეზიდენტი. ეს არის საქართველოს საუნჯე და სიმდიდრე, რომელიც მე, როგორც პრეზიდენტი, ვალდებული ვიქნები დავიცვა. მეტიც, საქართველოს იდენტობა ამაზე არის დაფუძნებული“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე ასევე აღნიშნა რომ, ორბელიანების სასახლე ბევრად მოკრძალებულია და შესაფერისია მომავალი პრეზიდენტისთვის.

“ორბელიანების სასახლე ბევრად მოკრძალებულია და შესაფერისია მომავალი პრეზიდენტისთვის”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა თელავში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა. ამასთან, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, თელავის ბატონის ციხის დიდი გალავანი არის სიმბოლო იმისა, თუ რა იყო და რა არის საქართველო. „კახეთი არის ჩემი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ტარდება, თქვენთან, ეს შეხვედრა. აქ, ამ დიდ გალავანში, რომელიც არის მართლაც, სიმბოლო იმისა, თუ რა იყო საქართველო და რა არის საქართველო. დიდი გალავანი, იმიტომ, რომ დაცული უნდა ვიყოთ და მოკრძალებული სასახლე, რადგან ასეთები იყვნენ ჩვენი მონარქები, ჩვენი მეფენი. ამიტომაც, კითხვისას, რომელი სასახლე თბილისში (და ეს კითხვა ზოგს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ), პასუხია – არა ის მასშტაბური სასახლე, არამედ ორბელიანების სასახლე, რომელიც ბევრად მოკრძალებულია და შესაფერისია მომავალი პრეზიდენტისთვის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ®