ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი რუსთავში გაბინაშვილების მრავალშვილიან ოჯახში იმყოფებოდა.
ნათელაშვილი სოციალურად დაუცველი ოჯახის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
ოჯახის ერთადერთი მარჩენალის, ირინა გაბინაშვილის განმარტებით, მათ სახლი რამდენიმე თვის წინ შვილის ავადმყოფობის გამო დაკარგეს. "შვიდ საფლავს ვუვლი, თითოს - ხუთ ლარად, ქუჩაში ჯართსაც ვაგროვებ, ვთევზაობ კიდეც, ხან სახლების დასალაგებლად მეძახიან, ოხას ამით ვარჩენ "- აცხადებს 6 შვილის დედა ირინა გაბინაშვილი.
6 შვილიანი დედა ამჟამად რუსთავში, მაიაკოვსკის ქუჩის ერთ-ერთ ეზოში, დანგრეულ შენობა-ნაგებობაში ცხოვრობს, სადაც წლების წინ ელექტრო გადამცემი ხაზები იყო განთავსებული.
საყოფაცხოვრებო პირობების არარსებობა, სახურავიდან ჩამოსული წვიმა, მძიმე ნესტი ყოველდღიურად გაუსაძლისს ხდის ირინა გაბინაშვილის, მისი 3 უფროსი და 3 მცირეწლოვანი შვილების ცხოვრებას. ოჯახს არ აქვს საჭმელი და ბავშვების სანატრელი საკვები ძეხვია. პატარები ასევე არ იღებენ განათლებას.
პრეზიდენტობის კანდიდატი მათ დახმარებას დაპირდა და განაცხადა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ავადმყოფობის გამო არცერთი ოჯახი სახლს არ დაკარგავს.
გაბინაშვილების ოჯახზე ინფო რუსთავმა არაერთი მასალა მოამზადა.