ცნობილი ბრიტანელი ტელეწამყვანი ჯერემი კლარკსონი საქართელოში იმყოფება. ის თანაწამყვანებთან, რიჩარდ ჰამონდთან და ჯეიმს მეისთან ერთად საოკუპაციო ხაზთან მისვლას გეგმავს.
ავტომანქანაზე, რომლითაც ჯერემი კლარკსონი გადაადგილდება, იოსებ სტალინის ბიუსტია დამაგრებული.
ჯერემი კლარკსონის განცხადებით, ის გორში მდებარე სტალინის მუზეუმში იმყოფებოდა. ცნობილია, რომ მისი ჯგუფი მსოფლიოში ცნობილი დიქტატორების შესახებ სატელევიზიო მასალებს ამზადებს.
ჯერემი კლარკსონი ცნობილი ტელეწამყვანია, რომელსაც ავტომოყვარულები გადაცემა Top Gear-ით იცნობენ. კლარკსონი BBC-ის გადაცემა Top Gear-ს ორ თანაწამყვანთან ერთად 2002 წლიდან 2015 წლამდე უძღვებოდა. მას შემდეგ, რაც კლარკსონი გადაცემიდან სკანდალურად გაუშვეს, მან, ჰამონდთან და მეისთან ერთად Amazon Video-სთვის ახალი პროექტი – The Grand Tour შექმნა, რომელშიც ის და მისი თანაწამყვანები მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ.
ჯერემი კლარკსონის ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.