არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი" 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით რეგიონებში განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვების უფასო სკრინინგს აგრძელებს.
პირველი ნაბიჯის კონსულტაციის, ინტერვენციის და თერაპიის ცენტრის სპეციალისტები რუსთავს ესტუმრნენ, სადაც მოხდა 0-დან 5 წლამდე ბავშვების განვითარების სკრინინგი.
"აღნიშნული სკრინინგი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მაქსიმალურად ადრეულ ასაკში მოხდეს ბავშვის განვითარების შეფასება და საჭიროებების გამოვლენა. სკრინინგის დროს ჩვენი სპეციალისტების მიერ მოხდება განვითარების შეფერხების ან ამ მხრივ რისკის არსებობის ადრეული გამოვლენა, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მშობლების კონსულტირება და საჭიროების შემთხვევაში ბავშვების შესაბამის სახელმწიფო პროგრამებში გადამისამართება. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა მიმართულების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები - ექიმები, ფსიქოლოგები, ოკუპაციური და მეტყველების თერაპევტები" - განაცხადა პირველი ნაბიჯის კონსულტაციის, ინტერვენციის და თერაპიის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან ბოჭორიშვილმა.
"აღნიშნული აქცია გადავწყვიტეთ დაგვეკავშირებინა ახალი ცენტრის გახსნასთან, რომელიც პირველმა ნაბიჯმა რუსთავში გახსნა და სადაც კონსულტაციის, ინტერვენციის და თერაპიის ცენტრის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ნებისმიერ მსურველს სხვადასხვა მიმართულებით გაუწევენ მომსახურებას. ბავშვებს მოემსახურებიან მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი, განვითარების სპეციალისტი და ქცევის თერაპევტი" აცხადებს პირველი ნაბიჯის დირექტორი თამარ ზაალიშვილი
ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე - 568 68 00 38, 579 04 01 19.
2018 წლის მარტის თვეში ორგანიზაციამ უფასო მომსახურება გაუწია 100-ზე მეტ ბენეფიციარს გორში. 2018 წლის ბოლომდე პირველი ნაბიჯი აქციას კიდევ რამდენიმე რეგიონში - ახალციხეში, ზუგდიდსა და ზესტაფონში გეგმავს.