საკვირაო ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ათონის მთის ათანასე დიდის ლავრის წინამძღვარს, პროდრომოსს, რომელიც საქართველოშია ჩამობრძანებული, სიტყვით მიმართა და არსებულ პოლიტიკურ და რელიგიურ სირთულეებზე ისაუბრა.
"საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა, დიდი პატივისცემა და თაყვანისცემა ათონის მონასტრების მიმართ.ჩვენც გვქონდა სავანეები - ივერონი, იოანე ღვთისმეტყველის სავანე და მრავალი სხვა. ამიტომ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ ჩვენს დიდ სიხარულს და მადლობას, რომ ჩამობრძანდით საქართველოში და ჩამოგვიტანეთ მადლი იმ წმინდა ადგილებიდან, სადაც თქვენ მოღვაწეობთ.
მე როდესაც ვამთავრებდი სასულიერო აკადემიას, დავწერე საკანდიდატო დისერტაცია - ისტორია ივერთა მონასტრისა. მინდა აღვნიშნო თქვენი დიდი დამსახურება მართლმადიდებლობის წინაშე. თქვენო მაღალღირსებავ, რთული დრო არის. ეს სირთულე არა მარტო პოლიტიკურია, არამედ ეკლესიურიც, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით და ვედრებით ღმერთი განკურნავს ამ უძლურებას ჩვენსას."
პატრიარქმა ათანასე დიდის ლავრის წინამძღვარ პროდრომოსს მრევლის მიერ დამზადებული ჯვარიც გადასცა საჩუქრად.