აკრძალვა ძალაშია 1 ოქტომბრიდან

2018-09-30 13:27:50

2018 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოში იკრძალება ოქსოდეგრადირებადი, ასევე 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

პლასტიკის პარკი ნავთობპროდუქტებისა და ნარჩენი პლასტიკური ნივთიერებების გადამუშავებით მიღებული პროდუქტია, რომლის სრულ დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება.

2019 წლის 1-ლი აპრილიდან კი აიკრძალება ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. ამავე რეგლამენტის მიხედვით, სრულად იკრძალება ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, პლასტიკისა თუ ბიოდეგრადირებადი პარკების კონტროლს შემდეგი უწყებები განახორციელებენ:

პარკების წარმოებისას – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი;
პარკების იმპორტისას – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

პარკების რეალიზაციისას – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.

პასუხისმგებლობა პარკის წარმოება-რეალიზაციის წესების დარღვევისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განისაზღვრება.

კოდექსის მიხედვით რეგულირების წესის დარღვევა გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. განმეორებით ჩადენილი ქმედება კი გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ამ შემთხვევაშიც შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.