მეწარმეების რეგისტრაციის ვადამ ერთი თვით გადაიწია

2018-09-29 11:56:49

შპსებისა და ინდმეწარმეების რეგისტრაციის ვადა, რომლებიც მძიმე, მავნე და მომეტებული საფრთხის შემცველ პროდუქციას აწარმოებენ, 30 ოქტომბრამდე გაგრძელდა.

გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში მას შემდეგ მიიღეს, რაც იუსტიციის სახლებში ცოცხალი რიგები დადგა და მომხმარებელთა ნაკადს  ვერ გაუმკლავდნენ.

გუშინ რუსთავის იუსტიციის სახლში მოქალაქეების უპრეცენდენტო რაოდენობა დაფიქსირდა. ადამიანებს რამდენიმე საათიან რიგში უწევთ დგომა.

ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში წერია: "შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ყოველი პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია დარეგისტრირდეს  ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. მაღალი მიმართვიანობიდან გამომდინარე, რეგისტრაციის პერიოდი გახანგრძლივდა 30 კალენდარული დღით და ბოლო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 30 ოქტომბერი".