კომპანია "ინტერტრანსის" თანამშრომლებსა და პეტიციის ავტორებსა შორის შეხვედრა შედგა.
მერიის სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და თვითმართველობის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის განყოფილებამ დამსწრე საზოგადოებას რუსთავი-თბილისის მარშუტებზე მონიტორინგის შედეგები წარუდგინა.
ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია "ინტერტრანსის" მიერ არ სრულდება ხელშეკრულებით ნაკისრი გარკვეული პირობები, რაც სამარშრუტო ტაქსების რაოდენობას, მოძრაობის გრაფიკსა და ინტერვალებს, ასევე ვიზუალურ მდგომარეობას, კონდენცირებასა და სავარძლების რაოდენობას შეეხება.
ასევე განხილულ იქნა ის საკითხებიც, რომლებსაც კომპანია ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებების საფუძველზე ყოველდრიურად ვერ ასრულებს.
შეხვედრაზე პეტიციის ავტორებმა საზოგადოებაში რუსთავ-თბილისის ტრანსპორტთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს, ასევე მოისმინეს "ინტერტრანსის" დირექტორის ალექსანდრე ჯაფარიძის პოზიციაც, მისი თქმით კომპანია ცდილობს ხარვეზების გამოსწორებას და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
შეგახსნებთ, რომ პეტიცია 24 ივლისს გავრცელდა, რისი საშუალებითაც რუსთაველები კომპანია "ინტერტრანსის" ხელმძღვანელებს მიმართავდნენ და "ისეთივე არაკომფორტული" ყოველდღიურობის შექმნით ემუქრებოდნენ, როგორიც მგზავრებს კომპანიის ტრანსპორტით სარგებლობისას ექმნებათ, თუკი მათი მოთხოვნები დაუკმაყოფილებელი დარჩებოდა.