სოციალური მომსახურების სააგენტოსა და რუსთავის მერიის ორგანიზებით რუსთავში, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ თეატრში დასაქმების ფორუმი გაიმართა.
დასაქმების ფორუმში 20-ზე მეტი მსხვილი და საშუალო კერძო კომპანია იღებდა მონაწილეობას, რომლებიც მოქმედ და რეალურ თავისუფალ სამუშაო ადგილებს წარმოადგენენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დასაქმების ფორუმი მომსახურების, გაყიდვების, საამშენებლო, ტურიზმის სფეროებში 1000-ზე მეტ აქტიურ ვაკანსიას მოიცავს. ფორმუთან დაკავშირებით შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში, (worknet.gov.ge) რეგისტრირებულ ქვემო ქართლში და მის შემოგარენში მცხოვრებ 30 000, სამუშაოს მაძიებელს წინასწარ დაეგზავნა სმს შეტყობინება.
დასაქმების ფორუმზე, სამუშაოს მაძიებელი და პოტენციური დამსაქმებელი, ერთ სივრცეში შეხვდნენ ერთმანეთს. ფორუმის ფარგლებში, სამუშაოს მაძიებლებმა შეძლეს უშუალო კომუნიკაცია პოტენციურ დამსაქმებლებთან და ვაკანსიების სრული სპექტრის გაცნობა.
ფორუმის გახსნას ესწრებოდნენ ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები.
"დაახლოებით 1000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი გვაქვს. წარმოდგენილია სხვადასხვა პროფილის ადამიანისთვის შესაბამისი პოზიციები. არ აქვს მნიშვნელობა სამუშაოს მაძიებელს დამთავრებული აქვს თუ არა უნივერსიტეტი. დასაქმების ფორუმი კვლავ გაგრძელდება და სავარაუდოდ ის დეკემბრის თვეში ჩატარდება."- განაცხადა ჩვენთან საუბრისას ფორუმის ორგანიზატორმა ლევან შუბითიძემ
რამდენად საინტერესო და შედეგიანი იქნება დასაქმების ფორუმი მოსახლეობისთვის და დასაქმდებიან თუ არა დღევანდელი ღონისძიების შემდგომ რუსთაველები ამ თემით "ინფო რუსთავი" მომავალშიც დაინტერესდება.