მასწავლებლების ხელფასი 2022 წლისთვის სამჯერ გაიზრდება- განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გააკეთა.
პრემიერის თქმით, 2018-2019 წლების სასწავლო წლის განმავლობაში ხელფასი გაეზრდება, დაახლოებით, 10 ათასამდე მასწავლებელს.
"გადაიხედება მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა. პირველ ეტაპზე, 2018-19 წლების სასწავლო წლების განმავლობაში გაზრდილ ხელფასს მიიღებს, დაახლოებით, 10 ათასამდე მასწავლებელი. ხოლო 2022 წლისთვის, საჯარო სკოლებში ჩვენი ამოცანაა, რომ დასაქმებული მასწავლებლის ხელფასი გაიზარდოს სამჯერ. ძლიერ, თანამედროვე სკოლაში აუცილებლად იქნება უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო. ახალი სკოლის დირექტორი უნდა იყოს ლიდერი, რომელიც მართავს სკოლას მართვის ახალი მეთოდით, სკოლაში დაინერგება სწავლების ახალი მეთოდოლოგია," - განაცხადა პრემიერმა.
როგორც განათლების მინისტრმა განაცხადა, 2019-2021 წლებში ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის. როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, 2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1500 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი - 2000 ლარს და მეტს.