ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობაზე სასჯელი მკაცრდება.
"ბოლო პერიოდში ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის იყო როგორც ცივი იარაღით, ასევე კისტის თოფითა და ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულის შემთხვევები "-აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სრულებით ეხმიანება დღეს არსებულ გამოწვევებს და ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისა და მათი მოკვლის შემთხვევაში", - განაცხადა მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ. მისივე თქმით, დაზუსტდა ქმედებათა ჩამონათვალი, რომელთაგან ნაწილი დაექვემდებარა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ხოლო ნაწილი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება სასჯელის შემდეგი სახეები - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა, ვადით 1 წლამდე.
ამასთან, არასრულწლოვანის მიერ ჩადენილი მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში, განისაზღვრა მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პასუხისმგებლობა.
"მივმართავ პარლამენტს, მხარი დაუჭიროს აღნიშნულ კანონპროექტს, რადგან მხოლოდ რეგულაციებით იქნება შესაძლებელი პირველ რიგში ცხოველების გადარჩენა და მეორეც - ადამიანების ქცევის შეცვლა. ჩვენ არ ვართ და არ უნდა ვიყოთ უმწეო ცხოველების მკვლელი საზოგადოება", - განაცხადა კახა კალაძემ.