რას ყვებიან პედაგოგები და ოჯახის ახლობლები

2018-09-11 00:15:30

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილ რუსთაველ ჯარისკაცს ვაჟა შათირიშვილს 13 სექტემბერს დაკრძალავენ.

"ვაჟკაცური ბუნების იყო, ყოველთვის იცოდა რა უნდოდა და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა" - ასე იხსენებენ 26 წლის ვაჟა შათირიშვილს მისი ახლობლები. სკოლაში სწავლის წლები ვაჟამ "რეცაში" გაატარა. როგორც მისი მასწავლებლები "ინფო რუსთავთან" ყვებიან - "სკოლაში ერთადერთი მოსწავლე იყო, რომელმაც 2009 წელს მყინვარი თავისი სურვილით დალაშქრა. ბავშვობაში ალპინისტობაზე ოცნებობდა, როგორც ამბობენ ბუნებით ერთგული და შეუპოვარი იყო და სხვებისგანაც იგივეს მოითხოვდა. თუ მიუხვდებოდი ცუდ საქციელს - აღიარებდა, უაზრო და უკადრებელ თავისმართლებას არ დაიწყებდა. მიმნდობი და პატივისმცემელი იყო, ღრმად ფიქრობდა, თუ შეგპირდებოდა აუცილებლად შეასრულებდა. წერა უყვარდა. დღესაც დიდი აღტაცებით იხსენებენ მის ჩანახატებს, რომლებმაც სკოლის ბოლო ზარის დროს დარბაზში მყოფ დამსწრე საზოგადოებას დიდი სიამოვნება მიანიჭა."

სკოლის შემდეგ სწავლა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში განაგრძო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის სპეციალობას ეუფლებოდა.

"ვაჟა მეუღლეს ბავშვობიდან ჰყვარებია, მეზობლები იყვნენ. შეუღლების შემდგომ დაჩი მოევლინა ქვეყანას, ბავშვი ახლა უკვე 3 წლისაა. ერთადერთი ძმა ილიკო, რომელიც ახლა 13 წლისაა ზუსტად იმ კედლებში იზრდება, სადაც ერთ დროს ვაჟა სწავლობდა. განსაკუთრებული ძმობა ჰქონიათ თურმე. ვაჟას დედაზე საუბრისას თვალწინ შვილისთვის ყოვლისშემძლე ქალი წარმოგიდგებათ. ვაჟას დედაც ჯარში მსახურობს, ავღანეთგამოვლილია, შვილიც დედის კვალს გაჰყვა და სამშობლოს სამსახურში გაატარა სიცოცხლის ბოლო წლები", - იხსენებს ოჯახის მეგობარი.

შეგახსენებთ, რომ ვაჟა შათირიშვილი 7 სექტემბერს ვაზიანის სასროლეთზე მომხდარი ავარიის დროს გარდაიცვალა.

ავტორი: ნინა პარუნაშვილი