კვლევების ღირებულება მცირდება

2018-09-04 12:58:15

დღეიდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევების ღირებულება კიდევ უფრო მცირდება.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გენოტიპის ანალიზის დაფინანსებას ამიერიდან სახელმწიფო უზრუნველყოფს, რაც კვლევების ჯამურ ღირებულებას 140 ლარით შეამცირებს. პაციენტის მაქსიმალური ხარჯი კი 150-160 ლარის ფარგლებში იმერყევებს.
გარდა ამისა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ფართოვდება პროგრამით მოსარგებლეთა არეალი. კერძოდ, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევები სახელმწიფოს მხრიდან 70%-ით დაფინანსდება
დავით სერგეენკომ დეცენტრალიზაციის პროცესზეც ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, უკვე დაწყებულია და რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იქნება მინიმუმ ერთი დაწესებულება, რომელიც ბენეფიციარებს სრულ სერვისს შესთავაზებს.
„პროცესში ასევე, ჩაერთვება ზიანის შემცირების ცენტრები, რაც მნიშვნელოვანია პროგრამის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფის - ნარკომომხმარებელთა ჩართვისთვის. დეცენტრალიზაციის პროექტი გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის”, - აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.
სიახლეები განხორციელდა პროგრამის ადმინისტრირების მიმართულებითაც. ბენეფიციარებს პროგრამაში რეგისტრაციისთვის აღარ მოუწევთ სოციალური მომსახურების სააგენტოში მისვლა. ცვლილების თანახმად, რეგისტრაცია შესაძლებელია პირდაპირ პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე მუშაობის ონლაინ ფორმატზე გადავიდა პაციენტთა დოკუმენტაციის შემსწავლელი კომისია, რაც მინისტრის თქმით, მნიშვნელოვნად შეამცირებს პაციენტების მოლოდინის პერიოდს. ბენეფიციარები მკურნალობის დაწყებას დარეგისტრირებიდან 7 დღეში შეძლებენ, ნაცვლად ერთი თვისა.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დარეგისტრირებულია 50 000-ზე მეტი პაციენტი, 44 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა მკურნალობა დაასრულა. განკურნების მაჩვენებელია 98,2%.