წელს "რუსთავქალაქობა 2018" რამდენიმე დღე - 15-დან 22 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
რუსთავის მერია სახალხო დღესასწაულის ჩატარებას განსხვავებული ფორმატით გეგმავს, რომლის ფარგლებში სხვადასხვა სახის გასართობი, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართება.
თვითმმართველობაში ამბობენ, რომ წელს რუსთავქალაქობა განსაკუთრებით მასშტაბური იქნება და მთელ ქალაქს მოიცავს.
დიდი სიურპრიზი ელოდებათ რუსთაველებს ეთნო ფესტივალთან დაკავშრებით, რომელიც 20 სექტემბერს 15:00 საათზე, რუსთავის ისტორიულ ციხეზე მოეწყობა. დაგეგმილია კონცერტები ცნობილი მომღერლების მონაწილეობით. ლაშა ღლონტის მოსმენა რუსთაველებს ცენტრალური პარკის ამფითეატრში შეეძლებათ, ლაშა ღლონტის და ალილოს მონაწილეობით კონცერტი 18 სექტემბერს 20:00 საათზეა დაგეგმილი.
რუსთავქალაქობის ფარგლებში გამოფენები და ლიტერატურული კონკურსებიც ჩატარდება. ავტომოყვარულების თხოვნით კი 21 სექტემბერს 16:00 საათზე ავტო შოუ წმ. ნინოს ქუჩაზე მოეწყობა, სადაც იაპონური, გერმანული და რეტრო სტილის ავტომობილები გამოიფინება.
თეატრის მოყვარულებს ქუჩის თეატრალური ფესტივალიც ელოდებათ. თეატრები მოზარდმაყურებელთა, მუსკომედიის, რკინის და რუსთავის თეატრი მაყურებლებს მინი სპექტაკლებს ღია ცის ქვეშ წარუდგენენ.
16 სექტემბერს 18:00 საათზე თოდრიას ქუჩაზე ფერების ფესტივალი გაიმართება, სადაც დამსწრე საზოგადოებისთვის უჩვეულო სანახაობა მოეწყობა. ფესტივალის სივრცე სპეციალური ფხვნილის საღებავის მეშვეობით გაფერადდება. მოგვიანებით ამავე ლოკაციაზე წარჩინებულ მოსწავლეებს დააჯილდოვებენ.
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი ლეონიძის სკვერში გაიმართება. „რუსთავქალაქობას“ კონცერტით, პირველი ქართული რეგეი ჯგუფი "რეგიონი" დახურავს, რომელიც 2008 წელს რუსთავში დაარსდა. კონცერტი 22 სექტემბერს, 20:30 საათზეა დაგეგმილი.
ქალაქი რუსთაველებს და მის სტუმრებს განსხვავებული ფორმატით ერთი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს.
სახალხო დღესასწაულის ბიუჯეტი დაახლოებით 122 000 ლარს შეადგენს.