მანდატურების ახალი მოვალეობა

2018-08-31 16:12:21

ახალი სასწავლო წლიდან მანდატურები მოსწავლეებს მეტალოდეტექტორით შეამოწმებენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სსიპ მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2018 წლის 15 სექტემბრიდან შემოდის ტერმინი „უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება“ , რაც გულისხმობს იმავე სქესის მანდატურის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში, სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული იმავე სქესის საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ მეტალოდეტექტორის გამოყენებით ფიზიკური შეხების გარეშე ან/და ნივთის დათვალიერებას მეტალოდეტექტორის გამოყენებით.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით დასაშვებია უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელება. უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებას უნდა ესწრებოდეს სკოლის თანამშრომელიც.
მათივე განმარტებით, თუ უფლებამოსილი პირი აღმოაჩენს სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთს ან საგანს, რომლის მოსწავლის მიერ ფლობაზე რეაგირებაც საქართველოს კანონმდებლობით სამართალდამცავი ორგანოს კომპეტენციაა, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება სამართალდამცავ ორგანოს. აღმოჩენილი ნივთი, მისი ხასიათის გათვალისწინებით, გადაეცემა მშობელს ან სამართალდამცავ ორგანოს.