გუბერნიაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი და ქვემო ქართლში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე რეგიონში განსახორციელებელი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.
რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ 2017 წლიდან 2018 წელს გადმოსულ 5 პროექტზე ისაუბრა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს 2018 წელს ქალაქში დაგეგმილი პროექტები, რომლებიც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გზების მოწესრიგებას და მშვიდობის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მისივე განცხადებით, მშვიდობის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია, ფაქტობრივად, დასრულებულია და დარჩენილია საგზაო სამუშაოები. ირაკლი ტაბაღუამ შეხვედრაზე სოციალური საცხოვრისის პროექტზეც ისაუბრა, რომელიც 52 ბენეფიციარისთვის იქნება განკუთვნილი. „ძირითადი საკითხები ეხებოდა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა დაფინანსებაში მონაწილეობას იღებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ყველა საკითხი დეტალურად გავიარეთ და მიმოვიხილეთ გუბერნატორთან ერთად. ამ საკითხში გვერდში დგომა და პროცედურებთან ერთად გამკლავება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ის პრიორიტეტები, რაც დაისახა, 2018 წელს ბოლომდე მივიყვანოთ, რათა არ მოხდეს პროექტების გამრავალწლიანება და 2019 წელს გადასვლა. თუმცაღა ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის ტენდერში მონაწილე კომპანიების კეთილსინდისიერებასა და სამუშაოს ხარისხიანად შესრულებაზე, რაზეც მათ, ტენდერის პირობების შესაბამისად, ვალდებულება და პასუხისმგებლობა აქვთ აღებული.“ - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
„მორიგი საკონსულტაციო საბჭო ჩატარდა. თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გავიარეთ ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორც 2017 წლიდან 2018 წელს გადმოსული, ასევე 2018 წლის. არის გარკვეული პრობლემები ტენდერებთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ შევჯერდით თემებზე, რომლებიც არის მოსაგვარებელი. გავიარეთ საკასო შესრულებები. კმაყოფილი ვარ, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის გარკვეული შეფერხებები ვადებშიც და ხარისხშიც და ჩვენ ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდა გამოვასწოროთ.“ - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა.