კანონში ინიცირებული ცვლილებები

2018-08-30 11:48:04

თბილისის მერი, კახა კალაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების მინიჭებაზე კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვს. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბინადრობის უფლების მისაღებად შესაძლოა 35 000 დოლარის ნაცვლად , 100 000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონების შეძენა მოუწიოთ.

დედაქალაქის მერი პარლამენტარებს მოუწოდებს , მხარი დაუჭირონ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ინიცირებულ ცვლილებებს.

„დღეს არსებული კანონმდებლობით, საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის მოწმობის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა შეიძინოს 35 000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონება. ამ რეგულაციების მიხედვით, კანონის ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძენს საქართველოში 35 000 დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, ის ღებულობს ერთწლიანი ბინადრობის უფლებას, მაგრამ თუ ამ საკუთრებას გადასცემს სხვა უცხოელს, ისიც მოიპოვებს ბინადრობის მოწმობას. ეს კი ნიშნავს, რომ ერთი უძრავი ქონებით შესაძლებელია განუსაზღვრელი რაოდენობით ბინადრობის მოწმობების გაცემა უცხოელებისთვის. ანუ ატრიალებენ ე.წ. კარუსელს."- განაცხადა კალაძემ.

მერის თქმით, მას კანონპროექტთან დაკავშირებით საუბარი პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის წევრ, ილია წულაიასთან ერთად ჰქონდა.

„ჩვენ უკვე ინიცირებული გვაქვს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, 35 000 დოლარის ნაცვლად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად მოთხოვნილი იქნება 100 ათასი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება. ასევე, იმ შემთხვევაში თუ პირი, რომელმაც მიიღო ერთწლიანი ბინადრობის უფლება, გაასხვისებს ან გადასცემს სხვას თავის ქონებას, იგი დაკარგავს ბინადრობის უფლებას. ანუ შეუძლებელი იქნება ერთი უძრავი ქონებით სხვადასხვა პირისთვის ბინადრობის უფლების მინიჭება.იმედი მაქვს პარლამენტი მხარს აგვიბამს", - განაცხადა კალახემ.