სავაჭრო ცენტრი დაიწვა

2018-08-30 08:10:57

ბათუმში, #23 საჯარო სკოლასთან, სავაჭრო ცენტრი დაიწვა. ინფორმაცია ხანძრის შესახებ "ინფო რუსთავი"-ს ადგილობრივებმა მიაწოდეს.

მოგვიანებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს რომ - "ბათუმი - პუშკინის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიან სავაჭრო ცენტრში დაიწვა და დაზიანდა 10 მაღაზია. ასევე, სავაჭრო ცენტრის სახურავი - ჯამში 560 კვ.მ ფართობი.

ხანძრის სწრაფ გავრცელებას სავაჭრო ცენტრში არსებულმა ადვილად აალებადმა პროდუქციამ შეუწყო ხელი. 

ხანძრის მასშტაბიდან გამომდინარე, არსებობდა  ცეცხლის გავრცელების საშიშროება სავაჭრო ცენტრის გვერდით მდებარე ბაზრობაზეც, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებული იყო 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი - 65 მეხანძრე - მაშველი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.