პროკურატურის განცხადება

2018-08-29 19:15:48

საქართველოს  პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე  გამოძიების ფარგლებში, ყოფილ პროკურორ გ.შ.-ს ბრალი წარედგინა მოქალაქე გ.მ-ს ცემის და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.

გამოძიების პარალელურად, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება პროკურორ გ.შ.-ს მიერ შეუფერებელი საქციელის და მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე.

მთავარი პროკურორის ინიციატივით მოწვეულმა პროკურატურის საკონსულტაციო საბჭომ ერთხმად მიიღო რეკომენდაცია პროკურატურიდან გ.შ-ს დათხოვნის შესახებ. რეკომენდაციის საფუძველზე, შალვა თადუმაძის ბრძანებით გ.შ. გათავისუფლდა საქართველოს პროკურატურიდან.

გამოძიებამ დაადგინა,  რომ 2018 წლის 24 აგვისტოს, გ.შ-მ ქ.წყალტუბოში, აკაკი შანიძის ქ. №9-ში მცხოვრებ მეგობარ თ.გ-სთან მისვლის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სიტყვიერი  და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ.გ.-ს მეუღლეს გ.მ.-ს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ  პროკურორმა გ.შ-მ,  მოქალაქე  თ.გ.-ს სიტყვიერი  და ფიზიკური შეურაცხყოფა 2017 წლის ოქტომბერშიც მიაყენა.

ბრალდების მხარე  გ.შ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების  შეფარდების საკითხთან დაკავშირებით  შუამდგომლობით  თბილისის საქალაქო  სასამართლოს მიმართავს.
საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში გ.შ-ს მიმართ მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით  მიეწოდება.