სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ

2018-08-29 18:51:19

რამდენიმე თვის წინ, ქალაქის ტერიტორიაზე, შავი ფიჭვის ხეებზე დაავადების ნიშნები იქნა შემჩნეული.

რუსთავის მერიის სამსახურების, ასევე, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა ქალაქის მთელ ტერიტორიაზე ფიჭვის ხეები დაათვალიერეს. დათვალიერების შედეგად, 6 ლოკაციიდან აღებული იქნა საკვლევი მასალა, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ლაბორატორიაში გადააგზავნეს. კვლევით დადასტურდა, რომ ფიჭვები სოკოვანი პათოგენებითაა დაავადებული.

შეძენილი იქნა შეწამლვისთვის საჭირო პრეპარატი, რომელიც ქალაქის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების განცხადებით, მაქსიმალურად აკმაყოფილებს ისეთ მოთხოვნებს, როგორიცაა მაღალეფექტურობა, ქალაქის პირობებში გამოყენების შესაძლებლობა და ბიოლოგიური უსაფრთხოების მაღალი ხარისხი.

მიუხედავად პრეპარატის უსაფრთხოებისა, სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, რომ საცხოვრებელი კორპუსის სიახლოვეს შეწამვლის პროცესის მიმდინარეობისას ფანჯრები დილამდე დახურონ.

"რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელის, გიორგი გოროზიას განცხადებით: „ჩვენი მონაცემებით, ქალაქის მასშტაბით 75 ჰექტარამდე არის დაავადებული შავი ფიჭვი. რუსთავ სერვის ცენტრი აწარმოებს სანიტარულ-კომპლექსურ ჭრის სამუშაოებს ქალაქის მასშტაბით, ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს თბილისის ქუჩაზე. მოსახლეობას, მინდა, კონკრეტულ შემთხვევებზე დაგვიანებული რეაგირების გამო  ბოდიში მოვუხადო, თუმცა საინატარული ჭრის და შეწამლვის სამუშაოების პარალელურად მაქსიმალურად ოპერატიულად მოხდება მოსახლეობის განცხადებებზე რეაგირება.“ მისივე განცხადებით, შეწამლვის სამუშაოების დაწყება, დაახლოებით, ერთ კვირაში იგეგმება. შავი ფიჭვების შეწამლვას ერთი წლის განმავლობაში ორჯერ აპირებენ.

„რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის“ ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის განცხადებით: „ფიჭვების შეწამლვა ღამის 10 საათიდან დილის 7 საათამდე მოხდება. ასევე გასათვალისწინებელია ტემპერატურული ამპლიტუდა, შეწამვლისთვის რეკომენდირებულია 16-24 გრადუსი. შეწამვლა არ უნდა მოხდეს წვიმიან და ქარიან ამინდში... მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატი უსაფრთხოა, მოსახლეობას მაინც მართებს მინიმალური უსაფრთხოების ნორმების დაცვა. იმ ღამეს, როდესაც კონკრეტული საცხოვრებელი კორპუსის სიახლოვეს მოხდება შეწამლვა, სასურველია, რომ ფანჯრები დაიხუროს.“

აღნიშნულ საკითხებზე მერიაში იმსჯელეს.