რუსთავში, ლეონიძის 20 ნომერში უკანონოდ შემოღობილ ტერიტორიებზე, უსახური კონსტრუქციების დემონტაჟის პროცესი მოსახლეობის ნაწილის პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.
ადგილობრივების უმეტესი ნაწილი ტერიტორიაზე უკანონო შემოღობვებისა და მიწის მიტაცების ფაქტების აღკვეთას დადებითად აფასებს, უკმაყოფილოები მხოლოდ იმ ბაღების მეპატრონეები იყვნენ, საიდანაც კონსტრუქციის გატანა მოხდა.
როგორც ადგილობრივებმა ინფო რუსთავს განუცხადეს, ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაზიანდა სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. მოსახლეობა ამბობს, რომ ტერიტორია ახლა უფრო მოსაწესრიგებელია ვიდრე მანამდე იყო.
ზედამხედველობის სამსახურის უფროსის განცხადებით, ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში, უსახური კონსტრუქციების დემონტაჟი პროცესი გრძელდება და ამ ეტაპზე ლეონიძის 20 ნომერში მიმდინარეობს ეზოების მოწესრიგება. აკაკი ხვედელიძე ამბობს, რომ ამის შესახებ მოსახლეობა სამი თვით ადრე იყო ინფორმირებული.
"თვითნებურად შემოღობილი ტერიტორიებიდან უსახური კონსტრუქციები მოსახლეობას თავად უნდა აეღო, რადგან რკინის კონსტრუქციები მათ უკანონოდ ჰქონდათ განთავსებული, თუმცა ასე არ მოხდა. შესაბამისად დემონტაჟის სამუშაოებს ჩვენ ვახორციელებთ, რაც შეეხება ხე-მცენარეების დაზიანებას, ვცდილობთ ისე ვიმუშაოთ, რომ არცერთი მწვანე ნარგავი არ დაზიანდეს, თუ მაინც მოხდა ხეების დაზიანება მზად ვართ შემოდგომაზე მოვიტანოთ სხვადასხვა ჯიშის ნერგები, რომლის გაშენებაც მოხდება აღნიშნულ ლოკაციაზე.
მას შემდეგ რაც ლეონიძის 20 ნომერში, ზედამხედველობის სამსახური მუშაობას დაასრულებს, ტერიტორიის დასუფთავებას უკვე რუსთავსერვის ცენტრი უზრუნველყოფს.