"არ შემიძლია სქესობრივი აქტის დამყარება"

2018-08-29 14:33:35

სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს იმის დასამტკიცებლად, რომ მას სქესობრივი აქტის დამყარება არ შეუძლია და  ლორა სმიტთან სქესობრივი კავშირი არ ჰქონია.

მალხაზ კობაურის მიერ ლორა სმიტის გაუპატიურებას გამორიცხავს ბრალდებულის ადვოკატიც, ლექსო კობაიძე. იგი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ როგორ აღმოჩნდა ძალადობის კვალის არარსებობს პირობებში მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბიოლოგიური მასალა გარდაცვლილი ლორა სმიტის სხეულში. კობაიძემ აღნიშნა, რომ დაცვის მხარე აქამდე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებს არ ენდობა.

მასთან, ადვოკატის თქმით, ბრალდებულს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლითაც მისი ფსიქიკური მდგომარეობა შემოწმდა და დადგინდა, რომ მალხაზ კობაური ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელია, რაც კობაიძის თქმით, გამორიცხავს მის მიერ აღნიშნული სასტიკი დანაშაულის ჩადენას.

ლექსო კობაიძის ინფორმაციით, დაცვის მხარე ასევე ელოდება ერთ-ერთი ექსპერტიზის დასრულებას, რომლითაც სატელეფონო ანძების ჩანაწერების ამოღება მოხდება. ადვოკატი განმარტავს, რომ ამ ჩანაწერებით დადგინდება, თუ რამდენი მობილურის ტელეფონის გამოყენება ფიქსირდებოდა დანაშაულის ადგილზე.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი.

19 წლის მწყემსს ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად.