"უცნობმა პირმა დაგვაჯარიმა"

2018-08-29 12:14:29

ინფო რუსთავს რამდენიმე რუსთაველი დაუკავშირდა, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა დააჯარიმეს. მიზედად კი როგორც ისინი ამბობენ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა დასახელდა.

ინფო რუსთავი დაინტერესდა დაიწყო თუ არა უკონტაქტო პატრულირება რუსთავში.

შსს-ში საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე პროექტი მხოლოდ თბილისში რამდენიმე უბანში ხორციელდება.

"უკონტაქტო პატრულირება რუსთავში წლის ბოლოს დაიწყება" - განაცხადეს უწყებაში.

ცნობილია, რომ უკონტაქტო პატრულს მძღოლი ვერ ამოიცნობს, რადგან ის არც საპატრულო პოლიციის ავტომობილით იმოძრავებს და არც პატრულის ფორმაში იქნება, რადგან მძღოლისთვის უცნობი იყოს, თუ სად მიმდინარეობს უკონტაქტო ზედამხედველობა.

პოლიციას მის სარგებლობაში არსებულ ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ფოტო/ვიდეო ტექნიკის, არასტაციონარული სიჩქარის მზომი ხელსაწყოების დამონტაჟების უფლება ეძლევა.

უკონტაქტო პატრულირების განხორციელების არეალის შესახებ ინფორმაცია საგზაო მონაკვეთის შესასვლელსა და გამოსასვლელში განთავსდება. უკონტაქტო პატრულირებისას მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის და დანაშაულის შესახებ მონაცემებს არ შეიცავს, 24 საათის განმავლობაში განადგურდება.

შსს-ს ცნობით, უკონტაქტო პატრულირება არ ხორციელდება წინასწარ იდენტიფიცირებული პირის ან პირთა წრის მიმართ, არამედ - საგზაო მოძრაობის პროცესის მიმართ, პიროვნების იდენტიფიცირების გარეშე. უკონტაქტო პატრულირებისას ხდება მხოლოდ დამრღვევი ავტოსატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება.

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაშიც კი, არ ხდება მძღოლის იდენტიფიცირება - ავტომობილის მესაკუთრის სახელზე დგება ვიდეო-ჯარიმის ოქმი.

პროექტის თანახმად, უკონტაქტო პატრულირება მართვის მოწმობებს ქულებს არ აკლებს. უწყებაში ამბობენ, რომ უკონტაქტო პატრულირება  საგზაო შემთხვევების რიცხვს შეამცირებს.