მართვის მოწმობის აღება გართულდება.
მომავალ მძღოლებს წლის ბოლოდან მართვის უნარების გამოვლენა ორ ეტაპად მოუწევთ. თავდაპირველად გამოცდას დახურულ მოედანზე ჩააბარებენ და ამის შემდეგ რუსთავში სპეციალურად გამოყოფილ ქუჩაზე გადაინაცვლებენ.
"მართვის მოწმობის მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას 2018 წლის ბოლოდან შეძლებენ. პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება რეალურ სივრცეში თავდაპირველად 10 ქალაქში იქნება შესაძლებელი: რუსთავი, გორი, თელავი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი და ბათუმი"- განაცხადა შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ იმედა მაკასარაშვილმა.
რუსთავში საგამოცდო ტერიტორიად რამდენიმე ქუჩა შეირჩა, ინფო რუსთავის ინფორმაციით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდები ჩატარდება: შარტავას, მეგობრობის და კოსტავას ქუჩაზე.
"ეს პროექტი გულისხმობს არსებული სისტემის შენარჩუნებას - ყველა მსურველი გაივლის პრაქტიკულ გამოცდას დახურულ მოედანზე, გამომდინარე იქიდან, რომ შენარჩუნებული იყოს მაღალი უსაფრთხოების სტანდარტი და მოუმზადებელი კანდიდატი არ გავიდეს ქუჩაში. ჩვენ პირველ რიგში დახურულ სივრცეში შევამოწმებთ, რამდენად ფლობს მოქალაქე მანქანის ტარების უნარებს და თუ ჩავთვლით, რომ მას შეუძლია ქალაქში ჩაბარება, დავრთავთ ნებას გავიდეს და ქალაქის პირობებში ჩააბაროს გამოცდები"- აცხადებს იმედა მაკასარაშვილი.