თრუსოს ხეობიდან გაუჩინარებული ახალგაზრდები

2018-08-29 11:06:19

5 ახალგაზრდა, რომელიც თრუსოს ხეობიდან 4 დღის წინ გაუჩინარდა, ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.

ახალგაზრდები ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმმა დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

ახლობლების თქმით, მეგობრები თრუსოს ხეობაში სალაშქროდ პარასკევს წავიდნენ, დედაქალაქში კი სამშაბათამდე უნდა დაბრუნებულიყვნენ. მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდები ყელიწადის ტბაზე აპირებდნენ წასვლას, რა დროსაც, სავარაუდოდ, გზა აებნათდა ე.წ საზღვარი გადაკვეთეს.

ახალგაზრდების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის სამმართველოში მიაწოდეს.

მშობლებისთვის ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება ახალგაზრდების გათავისუფლება. მათ დაზუსტებით მხოლოდ ის იციან, რომ მეგობრები ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, ცხინვალის სასამართლოში უკვე განიხილეს ახალგაზრდების ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და მათ ჯარიმა დააკისრეს. მშობლების ინფორმაციით, მათი გათავისუფლება ჯარიმის გადახდის შემდეგ მოხდება.

ახალგაზრდების მეგობრები და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათთან ბოლო კონტაქტი კვირას საღამოს ჰქონდათ.