ახალ რეგულაციებში, რომლებზეც ეროვნული ბანკი კიდევ მუშაობს, ჩადებულია, რომ პენსიონერი, სტუდენტი და თვითდასაქმებული სესხს ვეღარ აიღებს, – ამის შესახებ "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი კეპულაძემ განაცხადა.
"აქამდე სულ იყო პრობლემა, რომ სოციალურად დაუცველსა და პენსიონერს ბანკმა ან არასაბანკო დაწესებულებამ სესხი მისცა, მაგრამ დამერწმუნეთ, ორ–სამ თვეში დადგება პრობლემა, როცა პენსიონრები იტყვიან, რომ მათ სესხს აღარ აძლევენ", – განაცხადა კეპულაძემ.
მისი თქმით, ჭარბვალიანობის დასაძლევად საჭიროა არა რეგულაციების შემოღება, არამედ ეკონომიკური ზრდა და ადამიანებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება.
"თუ ადამიანები სასესხო ვალდებულებების გადახდას ვერ აუდიოდნენ, ხვალ როგორ აუვლენ?! ეს რეგულაცია რა, ფულს მისცემს?! ის, ვინც ვალების გადახდას ვერ აუდიოდა, სამწუხაროდ, ხვალაც იგივე მდგომარეობაში იქნება და ახალი რეგულაციების შემოღება ამ პრობლემას ვერ მოხსნის", – განაცხადა კეპულაძემ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა პროექტი, რომელიც სესხის გამცემ ორგანიზაციებს ახალ რეგულაციებს უწესებს.