ქურდობა ზაზა ფაჩულიას სახელით

2018-08-28 11:12:45

ზაზა ფაჩულიას ყოფილმა ბუღალტერმა აღიარა 800 ათასი დოლარის მოპარვა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ზაზა ფაჩულიას ყოფილ ბუღალტერ რენდი უსოუს ბრალი წაუყენეს. Journal Sentinel-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცით, ამ 62 წლის ბუღალტერმა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მოთამაშე ქართველი კალათბურთელისა და მისი მეუღლის სახელით 800 ათას დოლარზე მეტი მოიპარა.

რენდი უსოუს კომპანია Randy Usow Accounting-ის ოფისი ვაშინგტონში მდებარეობს. ფაჩულია ბუღალტერმა 2004 წელს გაიცნო. მას შემდეგ სწორედ უსოუ აწარმოებდა კალათბურთელის ოჯახის სახელით ფინანსურ ოპერაციებს და ოფიციალური გასამრჯელოს გარდა, ფარულადაც იღებდა შემოსავალს. თაღლითური ოპერაციები 2011-2015 წლებით თარიღდება. მხოლოდ 2014 წელს უსოუმ თითქმის 464 ათასი დოლარი მიითვისა. მოპარული თანხა ბუღალტერმა თავის და ზაზა ფაჩულიას სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხა, რომლის შესახებაც ფაჩულიამ არაფერი იცოდა.

62 წლის რენდი უსოუს ბრალი წაუყენეს ორი მუხლით: სახელმწიფო ქონების მითვისებასა და პირადი ინფორმაციის მოპარვაში. მან დანაშაული აღიარა და საპროცესო გარიგების დეტალებიც ცნობილია - სამი წლით პატიმრობა და ჯარიმა, 618 455 დოლარის ოდენობით.