"წესით ყველა საბავშვო ბაღის თითო ჯგუფში 30 ბავშვი უნდა იყოს ჩვენ კი 38 ბავშვი გვყავს"- აღნიშნულის შესახებ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, ადგილობრივი ვითმმართველობა 2024 წლამდე ბაღებში დაახლოებით 48 ჯგუფის გახსნას გეგმავს.
"წესით ჯგუფში 30 ბავშვი უნდა იყოს ჩვენ კი 38 გვყავს, გამომდინარე აქედან ეს ყველაფერი მოითხოვს დამატებითი ჯგუფების გახსნას, წელს ამას ვერ შევძლებთ რადგან ადგილობრივი ბიუჯეტი ამის საშუალებას არ გვაძლევს, თუმცა ეტაპობრივად წლების განმავლობაში მოხდება ათეულობით ჯგუფის დამატება"- განაცხადა ლევან ონიანმა.
მისივე განცხადებით, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით წელს ავარიული ბაღების გამაგრება მოხდება. საუბარია მე-8-ე და 25-ე სააღმზრდელო დაწესებულებებზე.
ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაახლოებით 438 000 ლარი გამოყო ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი პროექტზე 18 000 ლარი დაიხარჯება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ბაღებში სასწავლო პროცესი 17 სექტემბერს დაიწყება.