პირველი სექტემბრიდან კიდევ ერთი რეგულაცია ამოქმედდა.
კერძოდ, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად რეალიზაცია, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა კი 4 000 ლარის ოდენობით.
რუსთავში მდებარე რამდენიმე ჯიხურში დასაქმებულები ამბობენ, რომ რეგულაციების შესახებ იცოდნენ და ემზადებოდნენ კიდეც. ზოგიერთ ჯიხურში კი ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
თამბაქოს შესახებ კანონით გათვალისინებულია კიდე რამდენიმე რეგულაციის ეტაპობრივად ამოქმედება.
კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 155 მუხლის მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის რეალიზაცია შესაბამისი ობიექტიდან მისი სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომთათვის უშუალოდ მიწოდებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ამ მუხლის მე-15 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
ამასთან, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად რეალიზაცია, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ამ მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. აღნიშული სანქციები 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.