"ლაზიკა" "სახალხო კონტროლს" ეხმაურება

2018-08-25 23:02:15

"ეს იყო თავდასხმა, ერთი ოპერატორი სამზარეულოში შემოვარდა, ერთი ფოიეში ერთი სხვაგან, თავს დაგვესხნენ. ჩვენ ჩვეულებრივად დავხვდით მათ. რატომ ხდება ასე, რომ მადონა კოიძე და სურსათის უვნებლობა ერთად დადიან ობიექტების შესამოწმებლად, სურსათის უვნებლობამ უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია და მოვალეობა და იარონ დამოუკიდებლად. გასაკვირია, მადონა კოიძესთან ერთად რომ დადიან, აშკარაა, რომ ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ, მათ ერთობლივად იციან, რომელ ობიექტებში უნდა შევიდნენ და ისინი ერთობლივად შედიან სხვადასხვა კვების ობიექტებში, ეს კადრები, რომელიც ჩვენთან გადაიღეს ჩაწერილია მაშინ, როდესაც რუსთავში იყო წყალდიდობა, სტიქიიდან რამდენიმე დღეში მოხდა სიუჟეტის ჩაწერა, მაშინ, როდესაც დაიტბორა ლაზიკა, ჩვენ ვიყავით გადართულები ამ პრობლემებზე, სტიქიას ჩვენვე ვებრძოდით, 15 000 ათასი ლარის ზარალი ვნახეთ, მათი მიერ აღმოჩნენილი დარღვევები კი  გაზვიადებულია. სამზარეულოს ვარემონტებთ ახლა. რა შენიშვნებიც იყო ის გამოსწორდება და სექტემბრიდან ყველაფერი განახლდება და ამას საზოგადოებაც ნახავს.

ქალაქში დადის ხმები, რომ მადონა კოიძის მიერ მოწონებული ობიექტებზე კომერციული ინტერესები იკვეთება. ის ობიექტები, რომელიც მოიწონეს ამ ობიექტების წარმომადგენლებმა იცოდნენ, რომ შევიდოდა მადონა კოიძე და სურსათის უვნებლობა და მომზადებულები შეხვდნენ ამ ყველაფერს. მუშა პროცესში არ არსებობს, რომ დარღვევა არ იყოს, ჩვენც მუშა პროცესში ვიყავით. იდუმალებით მოცულია ეს ყველაფერი და მოვა დრო და ნათელი მოეფინება ყველაფერს" - განაცხადა ინფო რუსთავთან ლაზიკას ხელმძღვანელმა.

ლაზიკას ხელმძღვანელობას რესტორან სავანეში უპასუხეს. რესტორნის წარმომადგენლების განცხადებით, მათ არ იცოდნენ იმის შესახებ, რომ რესტორანში შესვლას აპირებდა მადონა კოიძე. შესაბამისად, არანაირ კომერციულ ინტერესებზე საუბარი არც ყოფილა. სავანეში ასევე აღნიშნავენ, რომ მათი რესტორნის სამზარეულოს ნახვა ნებისმიერ მსურველს ნებისმიერ დროს შეუძლია.

ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის ხელმძღანელი. მირანგულა ლიპარტელიანი აცხადებს, რომ ნებისმიერ შეტყობინებაზე, რომელიც სამსახურში შემოდის, ისინი ვალდებულები არიან რეაგირება მოახდინონ. "არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაგვირეკავს მადონა კოიძე თუ ნებისმიერი სხვა პიროვნება, ჩვენ ვალდებულები ვართ ყველა შეტყობინებაზე მოვახდინოთ რეაგირება და გავიდეთ ობიექტის შესამოწმებლად, როცა მივდივართ გადამღები ჯგუფი ადგილზე გვხვდება, თუმცა ისინი ჩვენგან დამოუკიდებლად მოქმედებენ", - განაცხადა მირანგულა ლიპარტელიანმა.

არსებული ინფორმაციით გადაცემა "სახალხო კონტროლი" 1 თვის წინ ჩაიწერა, ეთერში კი 2 დღის წინ გავიდა.