მზადება ახალი სასწავლო წლისთვის

2018-08-25 14:11:56

2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ინფო რუსთავი დაინტერესდა რა სიახლე ელოდებათ 17 სექტემბრიდან მოსწავლეებს და პედაგოგებს.

ახალი სახელმძღვანელოები, ორი უცხო ენის შეთავაზება, V კლასის მოსწავლეებისთვის პირველ სემესტრში განმსაზღვრელი შეფასების გაუქმება და ცვლილებები გაკვეთილების ხანგრძლივობაში- ეს იმ სიახლეების ჩამონათვალია, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში განხორციელდება.

კერძოდ: II კლასში 5 წუთით შემცირდა გაკვეთილების ხანგრძლივობა. პირველ კლასში ეს დრო 35 წუთია, მეორე კლასში – 40 წუთი, შემდგომ უკვე 45–წუთიან საგაკვეთილო რეჟიმზე გადავლენ მოსწავლეები. იცვლება შეფასების სისტემაც. V კლასის პირველ სემესტრში მოსწავლეები არ შეფასდებიან ქულებით. ამასთან, მასწავლებლებს აღარ მოუწევთ საშინაო დავალებების შეფასება, ისინი ორიენტირებულნი იქნებიან განმავითარებელ შეფასებაზე.

გარდა ამისა, მთლიანად დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასებში) მასწავლებლებს აღარ მოუწევთ საშინაო დავალებების ქულებით შეფასება. შეფასებები მხოლოდ საკლასო აქტივობებში იქნება თუმცა საშინაო დავალებები ექნებათ, მაგრამ უფრო მცირე მოცულობის, რადგან მასწავლებელმა მოსწავლესთან კლასში უნდა იმუშაოს.

ასევე, მეორე უცხო ენასთან დაკავშირებით არის ვალდებულება, რომ მეხუთე კლასში სკოლამ მოსწავლეს არ შესთავაზოს მხოლოდ ერთი უცხოური ენა, არამედ მისცეს საშუალება, რომ მოსწავლეებმა აირჩიონ კიდევ ერთი ევროპული უცხოური ენა, რომელსაც სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.